ირანის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობის და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა.
ამჟამად გლობალური ბენჩმარკის, Brent-ის ფასი ბარელზე 81 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 14%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მკვეთრად გაძვირდა ამერიკული ნავთობიც და ამჟამად ბარელი WTI-ის ფასი 74 დოლარს აღწევს, რაც 13%-იან ზრდას წარმოადგენს. ბუნებრივია, ნავთობის გაძვირების გამო, გაიზარდა საწვავის ღირებულებაც და დღეისათვის აშშ-ის მასშტაბით ბენზინის საშუალო ფასი გალონზე 3 დოლარს აჭარბებს, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია.
საერთაშორისო ბირჟაზე გაზრდილია რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასიც, რომელიც ერთ დღეში 6%-იან ნახტომს აფიქსირებს და ამჟამად 63 დოლარად ივაჭრება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთი და ჩინეთი რუსულ ნავთობს, რეალურად, თითქმის ნახევარ ფასად ყიდულობენ.
თუკი მომდევნო კვირების განმავლობაში ნავთობის ფასი ბირჟაზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, მაშინ საქართველოში ბენზინის და დიზელის გაძვირება გარდაუვალი იქნება, რადგან ადგილობრივი ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თუკი სრუტე რამდენიმე კვირით ჩაიკეტება, მაშინ ნავთობის ფასი 100-დოლარიან ნიშნულს მიაღწევს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დაჩქარების მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს.
ამერიკული საინვესტიციო ბანკების შეფასებით, ყველაზე ნეგატიური სცენარით, შესაძლოა, ნავთობის ფასმა 150-200 დოლარს მიაღწიოს, რაც ახალი გლობალური რეკორდი იქნება და ის ენერგეტიკული კრიზისის წინაპირობად შეიძლება იქცეს, თუმცა ამ სცენარის განვითარების ალბათობა, მათი აზრით, დაბალია.
