საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნას.
ზურაბიშვილი წამოწყებაში ხედავს „მნიშვნელოვან და ახალ ნაბიჯს,“ რომელიც „კონკრეტულ ტრანზიციის სტრატეგიამდე“ მივა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული სტრატეგია უნდა გახდეს საფუძველი რეჟიმის ცვლილებისა და მშვიდობიანი გარდაქმნის უზრუნველსაყოფად.
„მივესალმები შექმნილ ოპოზიციურ ალიანსს!
ასეთ დროს, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან ძირითად პრინციპებზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ძალები მზად არიან, აიღონ ინიციატივა და იმოქმედონ ქვეყნის გადასარჩენად.
როგორც ქართული ქარტიის ინიციატორი, ამ წამოწყებაში ვხედავ მნიშვნელოვან და ახალ ნაბიჯს, რომელიც მიგვიყვანს კონკრეტულ ტრანზიციის სტრატეგიამდე. ეს სტრატეგია უნდა გახდეს საფუძველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანი ბრძოლისათვის — რეჟიმის ცვლილებისა და მშვიდობიანი გარდაქმნის უზრუნველსაყოფად.
ქარტიისა და წინააღმდეგობის პლატფორმის გამოცდილება გვასწავლის, რომ ყოველგვარ პარტიულ თუ ვიწრო ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და განვითარება — მისი მომავალი. სწორედ ასეთი მომავლის ხედვა, რომელიც აერთიანებს ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებას, შეძლებს პოლარიზაციის გადალახვას და ახალ ეროვნულ კონსოლიდაციას”, – წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.
ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.
შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.
ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.
„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.
