აბიტურიენტები აფხაზეთიდან, 2026-2027 სასწავლო წელსაც, უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, მაგრამ სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაუფინანსდებათ.
ამის შესახებ BMG-ის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უგამოცდოდ ჩარიცხვის გადაწყვეტილება, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2019 წელს მას შემდეგ მიიღო, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ, მათ ენგურის ხიდი სწორედ გამოცდის წინა დღეს ჩაუკეტა.
BMG-მ, აფხაზეთიდან აბიტურიენტების მომართვის საფუძველზე, განათლების სამინისტროს ორი კითხვით მიმართა:
1. აბიტურიენტები აფხაზეთის ტერიტორიიდან 2026-2027 სასწავლო წელსაც, უგამოცდოდ ჩაირიცხებიან?
განათლების სამინისტრო: დიახ.
2. გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, საგრანტო სისტემა გაუქმდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები ვალდებულნი იქნებიან, აუცილებლად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩააბარონ, რათა გრანტი მიიღონ და გამოცდის ჩაბარება არ მოუწიოთ თუ გამონაკლისი იქნება დაშვებული?
განათლების სამინისტრო: [აბიტურიენტები აფხაზეთიდან] უგამოცდოდ ჩაირიცხებიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში, მაგრამ დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის შემთხვევაში მიიღებენ.
3. მაგალითად: თუ აბიტურიენტი აფხაზეთიდან უგამოცდოდ აბარებდა კერძო უნივერსიტეტში, სადაც სწავლის საფასური 5000 ლარი იყო, გრანტის სახით, სახელმწიფო 2250 ლარს უფინანსებდა, 2026-2027 სასწავლო წლისთვის ეს წესი არც აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის არ იმოქმედებს?
განათლების სამინისტრო: დიახ, აქამდე გრანტი მოქმედებდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტში, მაგრამ ახლა სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსდება.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა, ვინც ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის, კერძო სასწავლებლებში კი სახელმწიფო გრანტი აღარ იქნება.
