სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
ზურაბიშვილმა პროცესზე შესვლამდე „ოცნების“ მხრიდან ბოლო პერიოდში პოლარიზაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ “პოლარიზაციის დასრულებას მხოლოდ საუბარი არ ჰყოფნის და ქმედებაა საჭირო“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
