2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო უქმდება და მის ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტი შეითავსებს.
ბიუროს გაუქმებას ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილით ეხმაურება მისი ყოფილი უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი.
“დღეს, როდესაც კორუფციასთან ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის, წარმოგიდგენთ ჩვენს რეალურ ისტორიას – რა გავაკეთეთ, რა ვისწავლეთ და რატომ უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა” – წერს კუპრაშვილი წერილში და აღნიშნავს, რომ “საქართველოსთვის, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დგას, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ შიდა რეფორმაა, არამედ საგარეო პოლიტიკური იმპერატივი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომი წევრობა პირდაპირ უკავშირდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემურ გაძლიერებას”.
კუპრაშვილი წერს, რომ მისი და ბიუროს “მიღწევები არ ქრება – ისინი ხდება სახელმწიფო სისტემის განუყოფელი ნაწილი”.
“ანტიკორუფციული ბიურო თავისი საქმიანობის პერიოდში ბოლომდე ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: საქართველო გახდეს სახელმწიფო, სადაც კორუფცია არა ნორმა, არამედ იშვიათი გამონაკლისია; სადაც გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველია; სადაც თითოეული მოქალაქე გრძნობს, რომ სახელმწიფო მისია და არა პირადი ინტერესების მსახური.
ჩვენმა გუნდმა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა – ყოველდღიური შრომით, საერთაშორისო პარტნიორობით, საზოგადოების ჩართულობით. ჩვენ გავაძლიერეთ ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, გავხადეთ პოლიტიკური ფინანსები უფრო გამჭვირვალე, ავამაღლეთ ახალგაზრდების ცნობიერება იმის შესახებ, რომ სამართლიანობა – ეროვნული ღირსების საფუძველია.
ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელმაც ათასობით თანამდებობის პირის ქონება გახადა ხილული, გავაძლიერეთ მამხილებლებების დაცვა, განვაახლეთ ეროვნული სტრატეგია და საზოგადოებას ვაჩვენეთ – კორუფცია არ არის უძლეველი.
ახლა, ინსტიტუციური ცვლილებების ფონზე, ნათელია, რომ ჩვენი მიღწევები არ ქრება – ისინი ხდება სახელმწიფო სისტემის განუყოფელი ნაწილი.
მჯერა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუციური განვითარება , ღრმა საზოგადოებრივი ჩართულობის და პარტნიორობის შედეგად, აუცილებლად მიაღწევს უმთავრეს მიზანს – საქართველო გახდება კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო. რადგან სამართლიანი სახელმწიფო – ეს არაა არჩევანი, ეს ვალდებულებაა.
იმედი ცოცხალია. კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება” – წერს კუპრაშვილი.
ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას რეჟიმმა მხარი მესამე მოსმენით 2025 წლის 17 დეკემბერს დაუჭირა.
2026 წლის 2 მარტიდან ასევე უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომლის ფუნქციებიც ასევე სრულად სახელმწიფო აუდიტს გადაეცემა.
