ტაქსის კომპანია “რაშის” დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ ოცნების მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები ტაქსების ლოდინის დროისა და ტარიფის გაზრდას გამოიწვევს:
„ამ საკითხს სიფრთხილით ვუყურებთ, რადგან აქ ორი მნიშვნელოვანი მხარე იკვეთება. ერთი მხრივ, არის მცდელობა, რომ მომსახურებაში ჩართული იყვნენ ქართულენოვანი მძღოლები და მომხმარებლებს კომუნიკაციის პრობლემა არ შეექმნათ, თუმცა მეორე მხრივ, ეს პირდაპირ უკავშირდება ბიზნესის ფუნქციონირებას, ფასებსა და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს.
ჩვენს შემთხვევაში, კომპანიაში „რაში“, მძღოლთა დაახლოებით 10–12% მოდის რეგისტრაციის მოთხოვნაზე, ხოლო კონკურენტებთან ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. შესაბამისად, მათი სისტემიდან მძღოლების ნაწილის გამოთიშვა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს როგორც ფასების ზრდას, ისე ლოდინის დროის გახანგრძლივებას. ჩვენი მოლოდინით, გრძელვადიან პერიოდში ტაქსის მომსახურება შესაძლოა დაახლოებით 10–15%-ით გაძვირდეს, რასაც დამატებით გავლენას მოახდენს საწვავის ფასები და ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციებიც, მათ შორის ძველი მანქანების შეზღუდვა.
ეს პროცესი ჯაჭვურ ეფექტს ქმნის — მძღოლების რაოდენობის შემცირება ამცირებს მიწოდებას, რაც ზრდის ფასს და ართულებს ახალი მძღოლების ჩართვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა შედარებით იაფი ავტომობილების გამოყენებაც იზღუდება.
ამასთან, რეგულაციების აღსრულების მექანიზმები და პასუხისმგებლობები ჯერ კიდევ გარკვეულწილად ბუნდოვანია. ტაქსის მძღოლები კომპანიებისთვის პარტნიორები არიან და არა დასაქმებულები, ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება კონტროლი და ადაპტაცია ახალ წესებთან. მთლიანობაში, ცვლილებები შესაძლოა გარკვეულწილად გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, თუმცა ფასის ზრდა და მიწოდების შემცირება, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება, რაც საბოლოოდ მომხმარებელზეც აისახება“ – განაცხადა “საქმიანი დილის” ეთერში ნოდარ ლაცაბიძემ.
კობახიძის განკარგულებით, მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალათ. დადგენილების მიხედვით, აღნიშნულ საქმიანობებზე ნულოვანი კვოტა დაწესდა.
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, ტაქსის მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში, პირველი მარტიდან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.
