“ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს. […] თავდაპირველად მოვიდნენ სახლში, პოლიციიდან ვართო და გადამიყვანეს სამმართველოში, დაკითხვა დაახლოებით 4-5 საათს მაინც გაგრძელდა, იყო ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა.
მუშტებს მირტყამდნენ თავში – სამი მირტყამდა, შენ ყველაფერი იცი და არ ამბობო. ძალიან ცუდად ვიყავი. ეპილეფსია მაქვს. რამდენიმე დღეში მივედი საავადმყოფოში და გადამიღეს თავზე, კისტა აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, მარცხენა მხარეს გაქვს 4 მილიმეტრი და ახალია, ძველი არ არისო. დეკემბერში როცა შევხვდი პროკურორს, მას მოვუყევი ამ ძალადობის შესახებ…” [ნეტგაზეთი] – თქვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვისას საქმის მოწმემ, ჯემალ ზანდარაძემ.
მკვლელობა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალის შორის მდებარე ტერიტორიაზე 2025 წლის 3 ივნისს მოხდა. ავტომობილში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.
