ახალშობილს, რომლის მკვლელობაც ბათუმში დედამ მშობიარობის შემდეგ სცადა, ახალი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, მკურნალობისას არის პროგრესი, თუმცა მიღებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია.
“ახალშობილს ყოველ დღე ახალი პროცედურა უტარდება. წინა პლანზე წამოვიდა თავის ტვინის პრობლემები, ტრავმა აქვს მიყენებული – ხაზოვანი თხემის ძვალი აქვს მოტეხილი, არის ტვინის შეშუპებაც. ჯერჯერობით მდგომარეობა რჩება მძიმე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ის კარგად იყოს, ჩართული ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა მედიკოსებიც. იკრიბება კონსილიუმი, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს.
გუშინ ჩატარდა იაშვილის კლინიკისა და ჩვენი საავადმყოფოს სპეციალისტების ჩართულობით საერთო ოპერაცია, რომელმაც საგრძნობლად გააუმჯობესა პროგნოზი, თუმცა ჯერჯერობით მდგომარეობა მაინც მძიმეა. იმდენად უმძიმესი იყო დაზიანებები, რომ ამ ეტაპზე სხვა პროგნოზი ვერ კეთდება” – თქვა “მთავართან” საუბრისას “მედინას” კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ.
