9 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან აქცია ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნების” განათლების რეფორმის დამანგრეველი შედეგები ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – “ოცნებამ” უნივერსიტეტი უკვე გააუქმა, ახლა კი ჯერი ჩვენზეა”.
“სილაბუსში ცვლილებებია.
აუდიტორიების ნაცვლად, სწავლის პირველ დღეს , 9 მარტს, 17:00 საათზე, ერთმანეთს ვხვდებით ჭავჭავაძის 32-ში, ილიაუნის A კორპუსთან.
“ქართული ოცნების” განათლების რეფორმის დამანგრეველი შედეგები ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.
განათლება, რომელიც თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს, მცირე ჯგუფის პრივილეგიად იქცევა. თავისუფალი აზროვნება, ის ქვაკუთხედი, რომელზეც განათლების სისტემა უნდა იდგეს კი რეჟიმის კონტროლქვეშ მოექცევა.
დღეს “რეფორმის” შედეგად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი უნივერსიტეტი გაუქმების საფრთხის წინაშეა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავის აკადემიურ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს და ემსახურება განათლებას, ეს უკანასკნელი კი ავტორიტარული რეჟიმის მთავარი საფრთხეა.
“ქართულმა ოცნებამ” უნივერსიტეტი უკვე გააუქმა, ახლა კი ჯერი ჩვენზეა, ვიცავთ ილიაუნის!” – წერია განცხადებაში.
