ირაკლი რუხაძემ და TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს და წერს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ რეესტრს მიმართეს ირაკლი რუხაძემ (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), გიორგი ბახტაძემ, გიორგი კალანდარიშვილმა (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ მაკა ლომიძე რჩება, რომელიც ამავდროულად დირექტორია.
საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში ისინი თავიანთი განაცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით, მიმართვის დღესვე ითხოვენ და ამისათვის 414-414 ლარი გადაიხადეს. რეესტრს მათი ეს მოთხოვნა ჯერ არ დაუკმაყოფილებია. რუხაძისა და საბჭოს სხვა წევრების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი TV იმედის მფლობელის ცვლილებაა და მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ტელეკომპანიის დირექტორს 6 თებერვალს წერილობით აცნობეს. თუმცა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით საჯარო რეესტრს 25 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მიერ ტელევიზიის დასანქცირებიდან მეორე დღეს მიმართეს
