ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ მეცხრე ომის დასასრულებლად, ხოცვა-ჟლეტის რუსეთსა და უკრაინას შორის. ყოველთვიურად 25 000 სამხედრო იღუპება ომში, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, მან თეთრ სახლში მოსვლიდან 10 თვის განმავლობაში რვა ომი დაასრულა მსოფლიოში.
„ჩემს პირველ 10 თვეში მე რვა ომი დავასრულე, მათ შორის კამბოჯასა და ტაილანდში. პაკისტანსა და ინდოეთში ბირთვული ომი იქნებოდა, 35 მილიონმა ადამიანმა თქვა, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დაიღუპებოდა, რომ არა ჩემი ჩართულობა. კოსოვო და სერბეთი, ისრაელი და ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია, სომხეთი და აზერბაიჯანი, კონგო და რუანდა და, რა თქმა უნდა, ომი ღაზაში, რომელიც ძალიან მცირე დოზით გრძელდება. ის თითქმის დასრულებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს დახმარებისთვის. ასევე მინდა, მადლობა ვუთხრა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნები დათანხმდნენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთი პროცენტი გადაიხადონ და ყველაფერს, რასაც აშშ უკრაინას უგზავნის, ალიანსის ქვეყნები აფინანსებენ.
„ნატო-ს ქვეყნები სწორედ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები არიან. ისინი ახლა შეთანხმდნენ, ჩემი მტკიცე მოთხოვნით, გადაიხადონ სამხედრო თავდაცვისთვის მშპ-ის 5% და არა 2%, რომელსაც ისინი არც კი იხდიდნენ. თითქმის ყველაფერს ჩვენ ვიხდიდით. ახლა ისინი იხდიან 5%-ს, 0%-ის მაგივრად. ამ 5%-ის მიღება ისეთი რამ იყო, რაზეც ყველა ამბობდა, რომ შეუძლებელია, ვერასდროს მოხდება. ჩვენ ეს ძალიან მარტივად მივიღეთ. ერთი შეხვედრა და ორ პროცენტსა და ხუთ პროცენტს შორის კი უზარმაზარი სხვაობაა. ყველაფერი, რასაც ჩვენ უკრაინაში ვაგზავნით, გადის ნატო-ს გავლით, ისინი გვიხდიან სრულად. აბსოლუტურად სრულად“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ომებზე საუბრისას ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ისრაელელი მძევლების დაბრუნებაზეც.
„ცეცხლის შეწყვეტის პირობებში მე მოლაპარაკება ვაწარმოე თითოეული მძევლის დაბრუნებაზე, როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი სახლში დაბრუნდა. არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.
