ხმაური საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ დაიწყო რაც, მოსამართლე თამარ მახარობლიძეს ადვოკატებმა სთხოვეს მსაჯულისთვის განკუთვნილი ჩაქუჩი გამუდმებით აღარ ებრახუნებინა. თამარ მახარობლიძემ ადვოკატის თხოვნა შეურაცხყოფად მიიღო და სხდომა სრულად დახურა. სხდომიდან გაუშვეს ჟურნალისტებიც.
ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ პრაქტიკულად თქვა, რომ 8 პოლიტიკურ ლიდერს ციხეში ისე გაუშვებენ, რომ ხალხი ვერასდროს გაუგებს რა მტკიცებულებები დევს ოპოზიციის დევნის საქმეში.
საჯაროობის პრინციპის დარღვევა – ასე აფასებენ ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას. ადვოკატები აპირებენ, რომ სხდომის გახსნის მოთხოვნით მახარობლიძეს მომდევნო პროცესზეც მიმართონ. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურის ინტერესებში შედის პროცესების დახურვა, რადგან საქმეში მათ მტკიცებულებები არ აქვთ და სხდომის საჯაროობის შემთხვევაში საზოგადოება გაიგებდა სიმართლეს, რომ ეს საქმე რეალურად პოლიტიკური დევნის ნაწილია.
სასამართლო პროცესის დახურვამდე ოპოზიციის დევნის საქმეზე მოსამართლე თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ. სასამართლოში ფურცელაძემ მოსამართლის 2019-2021 წლებში გაკეთებული განცხადებები წარადგინა, რითიც ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მსაჯული 3 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” ექსპერტად იყო დასაქმებული მათ ყველა გადაწყვეტილებას ამართლებდა. ეს დაცვის მხარისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძე “ოცნების” მიმართ მიკერძოებულია და ის ნეიტრალური ვერ იქნება.
ის, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძე “ოცნების” დახელფასებული ექსპერტი იყო, სხდომაზე გაიგეს ბრალდებულებმა. პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ “ქართული ოცნების” ყველა დაკვეთას მოსამართლე ხელს მოაწერს და პოლიტიკოსებს ციხეში იმდენი წლით გაუშვებს, რამდენიც ივანიშვილს უნდა.
ოპოზიციის დევნის საქმე 45-ტომიანია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ლიდერები საჯარო პოლიტიკური განცხადებების გამო უნდა დაისაჯონ. საქმეში არც ერთი არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ დევს – ეს დაცვის მხარის პოზიციაა. განსასჯელის სკამზე იჯდა დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი, ამ საქმეს ზვიგენებთან გადაღებული სელფის საქმეს უწოდებს. მისი შეფასებით, თუ ვინმე საბოტაჟის გამო უნდა გასამართლდეს ეს ივანიშვილი და მისი გუნდია.
ოპოზიციის დევნის საქმეზე პროკურატურას საქმეში მოწმის სტატუსით პოლიციელები ჰყავს გამოსაკითხი. ძალოვნები, რომლებიც აქციებზე იყვნენ და პოლიტიკური ლიდერები იცნეს და ახლა მათ წინააღმდეგ ჩვენებები უნდა მისცენ. დღესაც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორი ირწმუნებოდა რომ მტკიცებულებები ბევრი აქვთ, თუმცა ვერც ერთის გახსენებაც კი ვერ შეძლო.
