პირი, რომელმაც გუშინ ოკამში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ყოფილი სამხედროა. მის დასაკავებლად ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო. შსს-ს ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გ.შ-მ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს.
გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა გდდ-ს წარმომადგენლების მობილიზება. გ.შ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 118-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით [სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდება] მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
