ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების ახალი სისხლის სამართლის საქმეში დევს ბიზნესმენ ბენ ანორის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის დეტალურად ჰყვება მათ საკუთრებაში არსებული ქოლცენტრებისს მუშაობის სქემაზე. მეტიც, ასახელელებს 2020-2023 წლებში 5 სხვადასხვა მისამართზე მოქმედ თაღლითურ ქოლცენტრს.
„ვინაიდან მქონდა CRM პროგრამა გივი ჯიბლაძემ შემომთავაზა ერთად მოგვეწყო თაღლითური ქოლ-ცენტრი, რაზეც მე დავთანხმდი. თავდაპირველად ქოლ-ცენტრი გავხსენით ქალაქ თბილისში, ბერბუკის ქუჩის N10-ში, მე-8 სართულზე მდებარე ჩემს საცხოვრებელ ბინა N122-ში. ქოლ-ცენტრი აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ავეჯით. ჩვენთან ერთად ამ საქმიანობაში, თავიდანვე ჩართულები იყვნენ გიორგი კამლაძე და თორნიკე ჯანელიძე. მოკლედ განვმარტავ თაღლითური ქოლ-ცენტრების მუშაობის სპეციფიკას: ოფისის თანამშრომლები უკავშირდებიან სხვადასხვა ფიზიკურ პირებს, როგორც წესი, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაცხოვრებლებს და სთავაზობენ თანხის ინვესტირებას სხვადასხვა პროდუქტში, ძირითადად კრიპოვალუტაში, სანაცვლოდ კი ჰპირდებიან მაღალ მოგებას. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი განახორციელებს თნხის ინვესტირებას, მას არც ამ თანხას და არც მოგებას არ უბრუნებენ. რეალურად, რაც ინვესტიცია ხორციელდება, უბრალოდ ქოლ-ცენტრი ეუფლება მის თანხას. იმისთვის რომ ქოლ-ცენტრმა იმუშაოს, მას ესაჭიროება ტექნიკური მხარდაჭერა“, — ამბობს ბიზნესმენი, ბენ ანორი ჩვენებაში.
შეგახსენებთ, ბენ ანორი და გივი ჯიბლაძე გირაოთი არიან გათავისუფლებულები.
