დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციებით ისარგებლონ.
შესაბამისი ვიდეომიმართვა უწყების ვებგვერდზე გავრცელდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ოფიციალური წყაროებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის, ჩინეთის, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები.
ამირან გამყრელიძემ ტელევიზიებსაც მოუწოდა, მოსახლეობას სწორი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდონ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს; სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია პრევენციის გასაწევად და იმისთვის, რომ თუ ასეთი ვირუსი დაფიქსირდა, მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაქცია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დიდი ქალაქების მერებს სთხოვა, თუ არის ამის საშუალება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსდეს ის რეკომენდაციები და მთავარი გზავნილები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს უწყებები ხშირად აქვეყნებენ. ეს რეკომენდაციები კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.
მან დიდი თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო საშუალებების განთავსების აუცილებლობაზეც ისაუბრა. იგულისხმება დიდი სავაჭრო ცენტრები.
ამირან გამყრელიძემ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საჭიროა ყველა სკოლაში, ბაგა-ბაღში, ყველა უმაღლეს სასწავლებელში იყოს ხელის ადეკვატური დასაბანი საშუალებები.
საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ქვეყანაში დაბრუნდნენ. საქართველოში პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.
ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 89 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 811-ს მიაღწია.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.