მოსამართლე ევა ბარბაქაძემ ელისო კილაძე პატიმრობაში გაუშვა.
როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, სასამართლომ გაითვალისწინა სრულად ბრალდების მხარის პოზიცია და 6-ივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე არ არიან მიმალვაში და ისინი განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში. რაც შეეხება გამოყენების საფუძველს, ბრალდების მხარემ 6 -ივე ბრალდებულთან მიმართებაში დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი ,ისე ფორმალური საფუძველი, კერძოდ ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, საქმიანობის გაგრძელების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა და დაკმაყოფილდა შუამდგომლობა.
რაც შეეხება დახურვის თემას-ამ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში, არის კომპლექსური ხასიათის, ტრანსანაციონალური დანაშაული, არაერთი პირი იკვეთება და ფიგურირებს, მოწმეები მათ მიერ დაფიქსირებული გამოკითხვის ოქმებში საუბრობენ ბევრ გარემოებაზე, იმისთვის რომ მათი ოჯახის და პირადი უსაფრთხოება იყოს დაცული, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე პროცესის დახურვა აუცილებელი იყო, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენ.პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. პროკურატურის ვერსიით, კილაძე ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა.
