ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ხვალ, რუსთავის ციხეში, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსიდიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოიკითხება.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
მისივე თქმით, “ ხვალ, დღის ბოლოს, გამოძიებას ექნება ყველა სახელი და გვარი.“
დაგვიკავშირდა საგამოძიებო ორგანო. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ხვალ, რუსთავის ციხეში, ადვოკატის თანდასწრებით, გამოიკითხება წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი — დიმიტრი ქვაჭრელიშვილი. ხვალ, დღის ბოლოს, გამოძიებას ექნება ყველა სახელი და გვარი,- წერს მიგინეიშვილი.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა, ვინც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა, გამოკითხვა თავად მოითხოვა.
ქვაჭრელიშვილმა მზაობა გამოთქვა, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში.
შეგახსენებთ, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით იხდიან სასჯელს.
პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და 15-წლიან პატიმრობას ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებს.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ ისჯება იმის გამო, რომ ფარცხალაძის შვილს მამის დასანქცირებიდან მეორე დღეს საეჭვო იარაღის გადაფორმებაზე უარი უთხრა.
