პროკურატურა იძიებს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან “ქოლცენტრების” მფარველობის ნაწილსაც – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ანა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ნაწილი, უკვე ოთარ ფარცხალაძის ხაზია.
სახელმწიფო მბრალდებელი ამბობს, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დევს ბრალდებული გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, გიორგი კალმაძის და თორნიკე ჯანელიძის ჩვენებები, მათ შორის ელისო კილაძის წინააღმდეგ.
ანა ბერძენიშვილმა დღეს მედიასთან თქვა, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ოქტომბრის თვიდან დაიწყო.
გამოძიება დაწყებულია 2025 წლის ოქტომბრის თვეში, საქმეზე მუდმივ რეჟიმში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხულია ათობით პირი, ჩატარებულია ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა, ამოღება, გამოთხოვა, ჩხრეკა და ა.შ. როგორც მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომელიც არის პირდაპირი ხასიათის, ასევე გამოთხოვილი ინფორმაცია, მასში არსებული ინფორმაცია, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცება, ეს ყველაფერი ადასტურებს თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს.
მოწმეები უთითებდნენ ორგანიზებული ჯგუფის თითოეული წევრის მიერ, მათ შორის, ბრალდებულ ელისო კილაძის მიერ, რა თანხა იქნა აღებული, მისი როლის ფარგლებში, შემდგომში უკვე გამოთხოვილი იქნა ორგანიზებული ჯგუფის კომპიუტერული მოწყობილებიდან ინფორმაცია, სადაც თაღლითური ქოლცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, შემოსვალი, დეტალურად იყო გაწერილი. გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, გიორგი კალმაძემ და თორნიკე ჯანელიძემ გამოძიებასთან ქმედითად ითანამშრომლეს, ეს არ გულისხმობს, მხოლოდ იმას, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, დეტალურად მიუთითეს გამოძიებას, როგორ მიმდინარეობდა აღნიშნული ქოლცენტრის მართვა და როგორ თეთრდებოდა ფული, შესაბამისად, ელისო კილაძესათან დაკავშირებითაც, გამოკითხვის ოქმებში მისი როლის ირგვლივ დეტალურადაა ასახული.
ძმები მიქაძეები, მიხეილ ჩოხელი, ირაკლი სეხნიაშვილი, ოთარ ფარცხალაძის გავლენების მეშვეობით, ახორციელებდნენ ქოლცენტრების მფარველობას. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს 2 მიმართულებას – თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობის და მფარველობას, ერთი არის გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან მფარველობის ნაწილის და მეორე კი უშაულოდ ფარცხალაძის ხაზი. არ ნიშნავს, რომ ეს ორი მხარე ერთობლივად თაღლითურ ქოლცენტრებს მფარველობდნენ, თითოეულ მათგანს საკუთარი მიმართულება ჰქონდა”, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს.
ამავე საქმეზეა დაკავებული “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.
