ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის გამოწვევებზე პარლამენტის ე.წ. “ფასების კომისიის” სხდომაზე კომპანია “ტკბილი ქვეყნის” დირექტორმა, ლია ზარიძემ აღნიშნა, რომ სააქციო პერიოდში მწარმოებლებს პროდუქციის თითქმის 5%-ის ჩამოწერა უწევთ.
“სააქციო პროდუქციაზე, რომელიც ქსელურ მარკეტებში იყიდება, ვალდებულები ვართ, ქსელს მივაწოდოთ ის რაოდენობა, რა მოთხოვნაც აქვთ. თუმცა ნაშთი, რომელიც რჩება, მთლიანად გვიბრუნდება უკან. ესეც პრობლემაა; პროცენტულად ყოველთვიურად 4-5%-ს შეადგენს დანაკარგი, რომლის ჩამოწერაც ხდება”, – ამბობს ლია ზარიძე.
“ტკბილი ქვეყნის” დირექტორმა ასევე ისაუბრა ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის არასტაბილურობაზე და აღნიშნა, რომ კონტრაქტების დასრულების შემდეგ, მწარმოებლებისთვის სარეალიზაციო არხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის რისკი არსებობს.
ლია ზარიძე ქართული პროდუქციის იმპორტულთან კონკურენციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქსელებმა პრიორიტეტი ადგილობრივ წარმოებას უნდა მიანიჭონ.
“გარკვეულ ქსელებში ჩვენც არ ვართ წარმოდგენილი, თუნდაც იმის გამო, რომ მათი მხრიდან კონკრეტული მოთხოვნებია ე.წ. “ქეშბექთან” დაკავშირებით. ასე რომ, იმის შიში, “ტკბილ ქვეყანასა” და სხვა ქართულ წარმოებას, არ უნდა გვქონდეს, რომ კონტრაქტი დასრულდა და ვეღარ შევძლებთ სამომავლოდ ჩვენი პროდუქციის რეალიზებას და გაყიდვას.
იმაზე, რომ ქართული პროდუქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქსელებში, ვთანხმდებით. ასევე მნიშვნელოვანია, კონკურენტუნარიანად ვიყოთ წარმოდგენილები იმპორტულ პროდუქციასთან. ძალიან ცუდია, როცა შედიხარ მაღაზიაში, ქართული წარმოება სადღაც დაბლაა მოთავსებული და იმპორტულს ექცევა უფრო მეტი ყურადღება, თუნდაც განთავსების კუთხით. ვთვლი, რომ ადგილობრივ წარმოებას უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი”, – ამბობს “ტკბილი ქვეყნის” დირექტორი.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია კვების პროდუქტების მწარმოებლებს შეხვდა.
