ჩვენ ვაკვირდებით მორიგ ეპიზოდს ივანიშვილისეული საპნის ოპერიდან, „სატურნი ჭამს თავის შვილებს” , – ასე ეხმაურება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე სუს-ში ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დაბარებას.
გიორგი სიორიძის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არის „წარმოუდგენელი მასშტაბის სისტემური კორუფცია“.
„ჩვენ ვაკვირდებით იმას, როგორ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ სხვადასხვა კლანს შორის დაპირისპირება, ბრძოლა. ამით რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში, რომ ქვეყანაში არის წარმოუდგენელი მასშტაბის სისტემური კორუფცია, მასში ჩართულია სახელმწიფო მანქანის ყველა რგოლი. რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, თუმცა ის, რომ კორუფცია არსებობდა, ამას „ქართული ოცნებაც“ ადასტურებს, მაგრამ როდესაც რეჟიმი შეიცვლება, მაშინ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოუწევს, ყველას პასუხის გაცემა კორუფციულ დანაშაულებზე, რომელსაც სისტემურად ჩადიოდნენ“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე – პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
