ისტორიკოსი გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და პოლიტიკოსის ოთარ ჭითანავას გარდაცვალების შესახებ წერს.
გიორგი კალანდია უსამძიმრებს საქართველოს და განსაკუთრებით სამეგრელოს და ემოციური წერილით ემშვიდობება:
„ოთარ ჭითანავას გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსათვის, თუმცა მისი ამ ქვეყნიდან წასვლა განსაკუთრებული ტკივილია სამეგრელოსათვის და ქალაქ ზუგდიდისათვის! იშვიათი ღირსებების ადამიანი, დარბაისელი, ტკბილად მოუბარი, ინტელიგენტი, ქვეყნისა და კულტურის მოამაგე, ახალგაზრდობის ქომაგი, დიპლომატიის ქურუმი, ყველა დაჩაგრულის შემწე, ყველა მოწადინებულის თანამდგომი, უაღრესად განათლებული… ამ საქებარი სიტყვების ნუსხა დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო…
ოთარ ჭითანავასთანა კაცები დღევანდელობას თითზე ჩამოსათვლელად შემორჩა, მისგან ყოველთვის ღირებული რჩევა შეგეძლო მოგესმინა, მისი ბრძენკაცული ქმედებებით კი მუდამ მოხიბლული რჩებოდი, ცალკე ამბავია ბატონი ოთარის მჭერმეტყველება და თამადობა… ეს იყო ქართული სულის ნამდვილი ზეიმი.
ბატონი ოთარი გამორჩეული ქველმოქმედი და პატრიოტი გახლდათ, მისი წყალობით ზუგდიდის დადიანების სასახლეები უმძიმეს წლებში დანიავებას, ტერიტორიების დატაცებასა და გაპარტახებას ბევრჯერ გადაურჩა, მისი თანადგომით უცხოეთიდან მუზეუმმა არაერთი ძვირფასი ექსპონატი დაიბრუნა…
სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ბატონი ოთარის ამ ქვეყნიდან წასვლა მისი საყვარელი ზუგდიდისათვის დიდი დანაკლისი და ტკივილია! ცხონება თქვენს სულს, სამარადისო სხოვნა თქვენს სახელს და უკვდავება თქვენს ღირსეულ საქმეებს“,- წერს კალანდია.
„ჭკვიანი, გამოცდილი, პატრიოტი კაცი წავიდა იმქვეყნად“
„ვიზიარებ ოჯახის, ზუგდიდელების და მთელი საქართველოს მწუხარებას“
ცნობისთვის, ოთარ ჭითანავა იყო პარლამენტის წევრი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრი.
