სტუდენტური წინააღმდეგობა გარდაუვალია, დაიცავი განათლება – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები აქციას მართავენ და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ უნივერსიტეტს ფაკულტეტები გაუუქმდება.
“პირველების” ინფორმაციით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, თეა ჯუღელი, რომელიც ქუთაისის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” წლები წარმოადგენდა, სტუდენტებსა და უნივერსიტეტში დასაქმებულ პირებს ემუქრება, რომ მათ სტატუსს შეუჩერებს და სამსახურიდან გაათავისუფლებს, თუ ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
კურსდამთავრებულები ვაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას. ასევე, ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი რექტორის, ქალბატონი თამარ ჯუღელის გადაწყვეტილებას, რომელსაც საერთოდ არ ესმის თუ რას ნიშნავს აფხაზეთი, არ აქვს გააზრებული თუ რა არის აფხაზეთი, მან თქვა ამ ხალხს გამოვლილი აქვს ჭუბერი, მესამე პირში გველაპარაკება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
ჩვენ, კურსდამთავრებულებს გვეშინია, რომ ჩვენი დიპლომების აღიარება იქნება საფრთხის ქვეშ.
5 ფაკულტეტიდან დაგვიტოვეს მხოლოდ 2, აქედან ერთი ფაკულტეტი საერთოდ არ გვაქვს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან უნდა გადმოვიდეს,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქცია უნივერსიტეტთან ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ყოველდღე შეიკრიბებიან.
