„ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი. ერთადერთი გზა ეს არის იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია… დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება. დასამხობი და გამოსაყრელია ყველა მისი ჩინოვნიკი კაბინეტიდან, წიხლებითაა გამოსატანი“, – [IPN] განაცხადა ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
პროკურატურა სხდომის დახურვის შუამდგომლობას აყენებს, რასაც თავად ახალაია არ ეთანხმება.
“გახსენით სასამართლო პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ რა ხდება… ერთი მტკიცებულება მოიტანონ, დადონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ” – თქვა მან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია და მისი ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია დასკვნა საქმეში თავად პროკურატურამ ჩადო.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. სუს-ის მტკიცებით, 4 ოქტომბრის მოვლენებს სწორედ ის ხელმძღვანელობდა. დაკავებამდე, 10 ოქტომბერს, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მისი ცოლი ანი ნადარეიშვილი კი სუს-ში დაიბარეს – ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდებოდა. ახალაიასგან ხმის ნიმუშიც აიღეს. გამოძიება არკვევდა ოცნების პროპაგანდისტული მედიით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას, სადაც თითქოს ახალაია ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჩანაწერის ნამდვილობა უარყო.
მას ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
