რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს, ეკატერინე კოტრიკაძეს დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსკოვის სასამართლომ ის რუსული არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებაში დამნაშავედ ცნო. პროკურატურამ 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. კოტრიკაძის ბრალდება ეფუძნება 2022 წლის 4 აპრილს მის მიერ, Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტებს, რომელშიც ჟურნალისტი ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე და რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე წერდა.
რუსულმა “მართლმსაჯულებამ” ეს პოსტები „პოლიტიკური და ეროვნული სიძულვილით“ მოტივირებულ „დანაშაულებრივ ქმედებებად“ მიიჩნია.
„ყალბი ამბების“ გარდა, რუსეთში კოტრიკაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „უცხოელი აგენტების“ შესახებ რეგულაციების დარღვევისთვისაც აღიძრა. ოქტომბერში მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა, რუსეთის შსს-მ კი ძებნა გამოაცხადა.
