მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გადაცემაში “ფარულ კონვერტი” ცხოვრების ერთ-ერთი უცნაური ფაქტი გაიხსენა, რომელიც პანდემიის დროს მოხდარ ამბავს უკავშირდება.
მომღერლმა გადაცემაში თქვა, რომ სოციალური ქსელით გაიცნო ადამიანი, რომელიც შეუყვარდა, თუმცა ის არ ენახებოდა, ბოლოს კი გაირკვა, რომ პიროვნება, რომლის მიმართაც გრძნობა გაუჩნდა ქალი აღმოჩნდა.
“აი, მაინც ხომ მოგაგენი” – ასეთი შეტყობინება მომდის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში. მივწერე, რომ უცნობ ადამიანებს არ ვეკონტაქტებოდი. ოთხი კვირის განმავლობაში აქტუალურად მწერდა მის შესახებ ინფორმაციას. ჩემი ოცნების ადამიანი დამიხატა. ორი კვირის შემდეგ მომწერა, ამდენი რამ გიამბე ჩემ შესახებ და პასუხი მაინც მომწერეო, ამაზე, რაღაცნაირად, ადამიანურად შევწუხდი და პასუხი გავეცი. სადღაც ორი დღის განმვალობაში მიმოწერა გვქონდა. იმ პერიოდში ჩემი პატარა ავად გახდა და რომ დარეკა, ვუთხარი, ძალიან დიდი ბოდიში, ვერ გესაუბრები, ბავშვი ავად მყავს და მაგის თავის არ მაქვს -მეთქი, რაზეც მიპასუხა, ახლა მე თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, უბრალოდ ხმამაღალზე ჩართე ტელეფონი, მე შენ გვერდით ვიქნებიო. პირდაპირ იქ “დამარტყა”, სადაც უნდა “დაერტყა”, ამან ძალიან შემარყია. რამდენჯერმე ვთხოვე, რომ დამენახე-მეთქი, რაზეც სხვადასხვა მიზეზს ასახლებდა და უარს მეუბნებოდა.
შემდეგ ისე მოხდა, რომ ბრილიანტის ბეჭედი გამომიგზავნა, ფაქტობრივად დამნიშნა. მოკლედ, ამ ადამიანის მიმართ გრძნობა გამიჩნდა. გამომიგზავნა ბილეთის ფოტო, რომ ჩამოდიოდა. არ ვიცი ამიტანა რაღაც შფოთვამ. დაჟინებულად დავიწყე მოთხოვნა, დამენახე-მეთქი, (ჩემთვის ვიზუალურ მხარეს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა), რაზეც უარი მითხრა, ან დამენახები, ან დასრულდება-მეთქი. ალბათ არ დაიჯერა. დავბლოკე, გავთიშე ტელეფონი. დავიწყე მისი ვინაობის გარკვევა და აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი ოცნების მამაკაცი, იყო ქალი.
ამის შემდეგ ყველაზე მძიმე, მეორე სერია დაიწყო… მუქარები, აგრესია, ეს იყო ურთულესი, დაუსრულები 2-3 თვე… ბეჭედი მტკვარში მოვისროლე…”, – გაიხსენა ცისანა სეფიაშვილმა.