“პირველი საქმე არ არის ჩემი და პირველი საქმე არ არის, რომელიც ვიცი. მიშას საქმე ვიცი, ჩემი საქმე ვიცი, საოცრებებია, მაგრამ ეს საქმე, დედას ვფიცავარ, 40 ტომი რომ არის, ვეძებე ქვემდებარე ნიკა გვარამია შემასმენლით( იდგა, ყვიროდა) ჩადის დანაშაულს, ვერ ვიპოვე… 40 ტომში არის სულ ორი წინადადება, სადაც ნახსენები ვარ… დისპოზიციის ზმნის გარდა, არსებობს რომ სხვა ზმნა არ იძებნებოდეს? არსებობს უზმნო წინადადებები? …. სად ვარ ნახსენები? სად მიმტკიცდება, რომ რაიმე გავაკეთე? სანამ ეს არ ვიცი, მტკიცებულებებთან დაკავშირებითაც არ ვიცი. ლენინის 40 ტომი შემეძლო მომეტანა იგივე წარმატებით.”- ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე. პოლიტიკოსის განცხადებას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სხდომას მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ბადრი ჯაფარიძე ერთად ესწრებიან – სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ნიკა მელია.
საქმესთან დაკავშირებით 1 000 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს, 30 000-ლარიანი გირაო კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს.
