“მოლოდინი, რაც დღეს შეიძლება მქონდეს მე, ან ნიკას, არის ერთმანეთის ნახვა, ხალხის ნახვა და ემოციების გაზიარება დისტანციურად. ესეთ სპექტაკლზე ბევრჯერ ვყოფილვარ, არაფერს ახალს არ ველი. ვიცი, რომ ნიკას საქმე რომ ჩაბარდა შიგნით პრაქტიკულად არაფერი ეწერა, ცარიელი ფურცლებით გააცნეს ეს თემა” – ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ნიკა გვარამიას ცოლი, სოფო ლილუაშვილი.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სხდომას მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ბადრი ჯაფარიძე ერთად ესწრებიან, სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ნიკა მელია.
საქმესთან დაკავშირებით 1 000 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს, 30 000-ლარიანი გირაო კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს.
