საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სხდომას მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ბადრი ჯაფარიძე ერთად ესწრებიან, სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ნიკა მელია.
საქმესთან დაკავშირებით 1 000 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს, 30 000-ლარიანი გირაო კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს.
6 ნოემბერს, გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს საბოტაჟს ედავებიან, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს იდენტური მუხლებით წაუყენეს ბრალი, საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.
