სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საწარმოო პროცესი შეუჩერეს ფრინველის 2 არალეგალურ სასაკლაოს აჭარასა და იმერეთში.
როგორც სააგენტომ განაცხადა -“ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი”.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
შპს “ატო”(მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლას ახორციელებდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში, ინდმეწარმე ნ. ბ.-ს (მის: თამარ მეფის N15) ფრინველთა სასაკლაოზეც. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება. ობიექტზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული 80კგ ფრინველის ხორცი.” – წერია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
