უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ დოკუმენტები მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
„მიმდინარე კვირაში თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები გაიმართება. ჩვენი პოზიცია საკმარისად იქნება წარმოდგენილი ევროპაში და იგივე იქნება ამერიკის შემთხვევაშიც. ჩვენი მომლაპარაკებლების ჯგუფი პრაქტიკულად ყოველდღე მუშაობს დოკუმენტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც შეუძლიათ შედეგების მოტანა მომავალ შეხვედრებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია მშვიდობის შესანარჩუნებლად და რუსების მიერ შეთანხმებების ნებისმიერი სახის თავდასხმით ან ჰიბრიდული ოპერაციით ჩაშლის თავიდან ასაცილებლად.
„უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტები მზადაა. უსაფრთხოების ალტერნატივა არ არსებობს. მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენის ალტერნატივა არ არსებობს. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
