“ჩვენი არგუმენტები აღმოჩნდა წონიანი” – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, მაია ბენიამ განაცხადა.
- ის “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.
სტუ-ს პროფესორმა აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროფესორ-მასწავლებლების “კონკრეტულ და ძალიან წერტილოვან არგუმენტებს ვერაფერი ასეთივე წონიანი ვერ დაუპირისპირა”.
უბრალოდ ეს მათი მორალური ვალდებულება იყო, ყველა გზა ამოეწურათ იმიტომ, რომ მართლა არ არის სასურველი პროფესორებიც ქუჩაში იდგნენ და ასე მრავალ-დღიანი პროტესტით რაღაცის მიღწევას ცდილობდნენ იმიტომ, რომ ამისთვის არსებობს სივრცეები, სადაც ძალიან ნორმალურად შეიძლებოდა ამ ყველაფრის განხილვა. ჩვენი სურვილი არ იყო, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით და ასე უსასრულოდ გვეპროტესტებინა, რაღაცნაირად დაჟინებით ვითხოვდით, რომ მოგვისმინეთ, გაგვიგონეთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ. პრინციპში, ჩვენი მეცნიერების არგუმენტები აღმოჩნდა წონიანი, კონკრეტული და ძალიან წერტილოვანი, რადგან ამ არგუმენტებს ვერ დაუპირისპირეს ვერაფერი ასეთივე წონიანი.
დიახ, ახლა [პროცესი] უკვე გადავა სამუშაო რეჟიმში, ეს “მილევადი რეჟიმიც” გამოაჩენს ამ პროცესს და ნაწილობრივ ეს სამუშაოები რაც გამოიკვეთება, იმედი გვაქვს, რომ ისიც გადაწყდება დადებითად, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სასარგებლოდ, რადგან ცვლილება გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს და არა მაინც და მაინც ოპტიმიზაციას, განახევრებას,” – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.
ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება.
