რუსული ФСБ-ს მტკიცებით, რუსი გენერლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი მოსკოვში თბილისის გავლით ჩავიდა.
პუტინის რეჟიმი ამტკიცებს, რომ ლუბომირ კორბა უკრაინელებმა დაიქირავეს და ჯაშუში, ხალხის სათვალთვალოდ, მოსკოვამდე მოლდოვის და საქართველოს გავლით გადაიყვანეს, ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ФСБ ავრცელებს, მაგრამ მისი ნამდვილობა ჯერ-ჯერობით არ დადასტურებულა. რუსული გამოძიების ვერსიით, კორბასს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობა ჰქონდა დავალებული.
რა ვიცით და რას ამტკიცებენ ФСБ-ში? – კაცი, რომელმაც რუს გენერალს ოთხჯერ ესროლა, დუბაიში აიყვანეს. კორბა უკვე მოსკოვის ციხეშია. სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის დეტალებზე ის რუს გამომძიებლებთან საუბრობს, დანაშაულში მხილებული კაცი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა თვეების წინ დაიქირავეს, თითო ადამიანის თვალთვალში კი ორი ათას დოლარს უხდიდნენ, ბოლოს მიიღო ბრძანება, რომ გენერალი უნდა მოეკლა, ბილეთი აეღო და დუბაიში წასულიყო.
ის, რომ დაკავებული ნამდვილად უკრაინელებს ყავდათ ქილერად დაქირავებული, არაფრით დასტურდება. არაფრით დასტურდება არც ის, რომ კორბა კიევიდან ჯერ კიშინოვში ჩავიდა და შემდეგ თბილისიდან გადავიდა მოსკოვში. ФСБ-ს მთავარი მტკიცებულება კადრებია, სადაც ჩანს, რომ დაკავებული კაცი აეროპორტში იმყოფება. რუსული გამოძიების ვერსიით, კორბამ მოსკოვის ერთ-ერთი სამალავიდან წაიღო მაყუჩიანი იარაღი. გენერალ ალექსეევის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კარის ელექტრონული გასაღები კი მისი კიდევ ერთი თანამზრახველისგან მოიპოვა, რუსული ФСБ-ს მტკიცებით, ის ზინაიდა სერებრიცკაიაა, რომელმაც ალექსეების კორპუსში ბინა იქირავა და თვითონ უკრაინაში გაიქცა.
ოფიციალური ვერსიით, კორბამ რუს გენერალს ჩასაფრება ლიფტთან მოუწყო და ოთხჯერ ესროლა. თუ რუსულ გამოძიებას დავუჯერებთ ამის შემდეგ კაცმა იარაღი გადააგდო და დუბაიში გაფრინდა. რაში დასჭირდებოდა ახლა უკრაინულ მხარეს რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის მკვლელობა, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო დიალოგია დაწყებული? – სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ФСБ-ს ვერსია დაუჯერებელია და რეალურად საქმე შურისძიებასთან გვაქვს.
