ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეგი ბაქრაძის დედა, ირმა ტეფნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:
„მეგი, დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო… დღეს გავიდა ერთი წელი, როცა უკანასკნელად ნახე მამა, დედ-მამიშვილები, დის შვილები, ავთო ძია. შემდეგ წახვედი და გაიხურე შენი მშობლიური სახლის კარი… როცა უკანასკნელად მელაპარაკე. უკანასკნელად მითხარი, დე, ძალიან მენატრებიო… ნახევარი საათი ვილაპარაკეთ და მაინც არ გინდოდა, რომ ტელეფონი გამეთიშა, ნეტავ, რისი თქმა გინდოდა. შემპირდი, რომ ხვალ დაგირეკავო, ნემსს რომ გავიკეთებო და გელოდებოდი, დღესაც გელოდები, მე ხომ ყოველდღე გირეკავ, მაგრამ დუმს შენი ტელეფონი, აღარ მესმის შენი წკრიალა ხმა.
როცა იაკობმა დაგვტოვა, მაშინ ყველა ჩემ გვერდით იყავით, ახლა კი მარტო ვარ და ძალიან მიჭირს, მაგრამ ასე მგონია, გულის მაგივრად ქვა მიდევს მკერდში, რომ ამ ტკივილს ვუძლებ. დედ-მამიშვილის სიყვარული მე არ გამომიცდია, მშობლებმაც ადრე დამტოვეს. ქმარ-შვილით ვხარობდი და ეს სიხარულიც არ დამცალდა. ღმერთმა ნათელში მიმყოფოს შენი და შენი ძამიკოს სული…“, – წერს ირმა ტეფნაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 მარტს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ახალციხის იმედის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი ეფექტი ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.
მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა.