გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – საქალაქო სასამართლოში, დახურულ პროცესზე იკითხება მოწმე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი მასწავლებელი ერთ-ერთმა პირველმა ნახა.
საქმის მასალების თანახმად, თემქაზე მცხოვრები პირი გიგა ავალიანის გადარჩენას ცდილობდა. საქმის პროკურორის თქმით, მოწმე მოსამართლლის წინაშე აღწერს იმ დაზიანებების ხარისხს, რომელიც გიგა ავალიანს აღენიშნებოდა.
სასამართლო პროცესზე გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. გამოიკითხება პირი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა გარდაცვლილ გიგა ავალიანთან. ასევე გამოვიკვლევთ ნივთიერ მტკიცებულებებს და კიდევ უფრო თვალსაჩინოდ მოხდება მოსამართლისთვის იმის დანახვა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები”- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.
