[აქციის მონაწილეთა მხრიდან] რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა და შენ ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფა! გვეუბნებოდნენ, გადმოდით ჩვენ მხარესო, – ასე უპასუხა სპეცრაზმელმა იოსებ როსტიაშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის და ადვოკატ შოთა თუთბერიძის იდენტურ შეკითხვას, თუ რაში გამოიხატებოდა 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა მხრიდან შეურაცხყოფა სამართალდამცველების მიმართ.
იოსებ როსტიაშვილი, 4 ოქტომბრის საქმეზე როგორც წინა, ისე დღევანდელ პროცესზეც მოწმის სახით იკითხება. მისი თქმით, 4 ოქტომბერს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ბაზაზე, რა დროსაც შეტყობინება მიიღეს, რომ უნდა წასულიყვნენ პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. იოსებ როსტიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ აგრესიით სამართალდამცველთა მისამართით, მათ შორის ისროდნენ სხვადასხვა ნივთს. სწორედ ამ დროს დაუსვეს მას კითხვები, როგორც მოსამართლემ ისე ადვოკატმაც, თუ რაში გამოიხატებოდა 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა მხრიდან შეურაცხყოფა სამართალდამცველების მიმართ.
ამასთან, იოსებ როსტიაშვილის მტკიცებით, აქციაზე მას მოხვდა ქვა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. მისი თქმით, ამის შემდგომ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც 2-3 საათი დაყო, ასევე დაენიშნა წოლითი რეჟიმი.
„წინა რიგში ვიყავით, ისროდნენ ჩვენი მიმართულებით. მე არ მეცვა სპეციალური საშუალება, სხვა თანამშრომლებს ეცვათ, ჰქონდათ ხელკეტი, აირწინაღი. მე არ მქონდა ხელკეტი. [აქციის მონაწილეები] ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ.
რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა და შენ ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფა!
“გვეუბნებოდნენ, გადმოდით ჩვენ მხარესო… ჩემი თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გინება არ გამიგია“, – განაცხადა იოსებ როსტიაშვილმა.
მოწმე სპეცრაზმელს შეკითხვები ადვოკატებმაც დაუსვეს, მათ შორის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
„მრავალი წელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არაფერი გაუმჯობესებულა. მაინტერესებს, თუ მიგიღიათ ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რაც უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ წეღან მორალისტური პასუხით თქვით ხალხზე, რომელიც საკუთარ ქვეყანას იცავს, „საკუთარ ქვეყანას ანგრევსო“. ეს ხალხი ვისაც ასეთად მოიაზრებთ, ან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია ან პირადად ვიცნობ.
ასევე, მაინტერესებს, წინა აქციებში ხალხის დასახიჩრებაში იღებდით თუ არა მონაწილეობას? ან თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ღონისძიებაში, ამ ქვეყნისთვის, თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული? 5 წელია მუშაობთ, როგორც ვიცი”, – მიმართა ბასილაიამ სპეცრაზმელს.
ადვოკატის აღნიშნული კითხვა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მოხსნა. ამის შემდგომ ბექა ბასილაიამ სპეცრაზმელს მორიგი შეკითხვა დაუსვა.
„თუ გსმენიათ თქვენ, ხუთი წელია მუშაობთ და ხუთი წლით ადრე პერიოდში სეპარატისტებმა მოკლეს გიგა ოთხოზორია საქართველოს ტერიტორიაზე. ძალიან ცოტა ხნის წინ, თქვენ რომ მუშაობდით გდდ-ში იმ პერიოდში, სალოცავთან მისვლისას ოკუპანტებმა მოკლეს თამაზ გინტური. მაინტერესებს, ან თქვენ ან თქვენს რომელიმე თანამშრომელს, თუ მიგიღიათ რაიმე დავალება, რომ მსგავსი დამამცირებელი მოქმედებისთვის რაიმე ფორმით პასუხი გაგეცათ ან ელემენტარულად ჩვენი ქვეყნის სახის შესანარჩუნებლად, რაიმე ღონისძიება გაგეკეთებინათ?
ბატონო მოსამართლე, მორალს ნუ წაგვიკითხავენ, რომ თურმე ჩვენ ვანგრევთ ქვეყანას. ქვეყანას რომ ანგრევენ, მოქალაქეებს რომ თავ-პირს ალეწავენ, ასისხლიანებენ და ოკუპანტებთან რომ სიტყვის, ოდნავ ტონის აწევის საშუალება რომ არ აქვს არავის, ამაზე ვსაუბრობ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ამასთან, ბასილაიამ სპეცრაზმელს ჰკითხა, იღებდა თუ არა სხვა პირების დასახიჩრებაში მონაწილეობას, რაზეც სპეცრაზმელმა იოსებ როსტიაშვილმა, უპასუხა, რომ არ იღებდა.
გარდა ამისა, ბექა ბასილაიამ მოწმეს კორექტულობისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ კითხვებს შესაბამისად უპასუხოს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
