საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მანანა მაღრაძე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრობს.
მანანა მაღრაძის განმარტებით, ახალგაზრდები “ე.წ. უხელფასო ინჟინრულ სპეციალობაზე” სწავლის ნაცვლად სხვა პროფესიას ირჩევენ. მისი თქმით, ქვეყანაში სპეციალისტები იმიტომ არ არიან, რომ მოთხოვნილება აღარ არის.
სტუ-ს პროფესორის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ განცხადებამდე, “ქარული ოცნების” განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე მათთან იყო მისული და სიმართლე არ უთხრა.
რეფორმა რომ დაიწყო და დაანონსდა სულმოუთქმელად ველოდებოდით იმიტომ, რომ ჩვენზე კარგად არავინ არ იცის გვჭირდება თუ არა რეფორმა. რომ შეიქმნა ე.წ. კომისია, რომელშიც მართლა ისეთი ხალხია გაერთიანებული, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი სააკაძის მოედნიდანაც არ აქვს დანახული, ვიფიქრეთ, რომ ალბათ ეს არის საორგანიზაციო კომისია და ამის შემდეგ შეიკრიბება სპეციალისტები, შეიკრიბება ინჟინერიის წარმომადგენელი და იმათ დაეკითხებიან რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს, მაგრამ ესე არ მოხდა…
რით განსხვავდება ჩვენი მენეჯერი ჯავახიშვილის მენეჯერისგან, ჩვენი იურისტი ჯავახიშვილის იურიდიულისგან, ჩვენი ჟურნალისტი. ტექნიკური დარგი სპეციფიური დარგია ამიტომ იმას სხვანაირი განვითარება სჭირდება, სხვანაირი მიდგომა სჭირდება… დღეს გეოლოგი არ ჰყავს ქვეყანას, ინჟინერი არ ჰყავს ქვეყანას – განა იმიტომ, რომ მოსამზადებელი კადრი არ შეგვიძლია მოვამზადოთ, იმიტომ, რომ იყო დრო, როცა ყველა მიდიოდა იურიდიულზე, ყველა მიდიოდა ბიზნეს ადმინისტრირებაზე და არავინ მიდიოდა ე.წ. ამ უხელფასო ინჟინრულ სპეციალობაზე. მოთხოვნილება აღარ იყო [სპეციალისტების], ეს ერთი და გარდა ამისა, სუფთა ხელებით ვიღწვით, რომ რაღაცას მივაღწიოთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დონე მოდის სკოლიდან. სკოლა დღეს აფუჭებს ბავშვს, 6-დან 17 წლამდე იზრდება ბავშვი და სწავლობს უსაქმურობას, ტყუილად მიღებულ ნიშნას, გინახავთ ვინმე, ვისაც ატესტატი არ აუღია დღეს? […]
უკვე გადაწყვეტილება რომ მიღებული იქნება, ეს არის თვითონ ცუდი მომენტი იმიტომ, რომ არავის არაფერი შეეკითხნენ. არაფერს არ ველოდები. ადრე მეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, მაგრამ ყოველდღე ვხედავ დაცინვას იმის ნაცვლად, რომ ვიღაც მოვიდეს, დაგველაპარაკოს, რა გჭირთ, რა გინდათ. იცით რას ემსგავსება ჩვენი სიტუაცია? – შენ ცუდ სახლში ცხოვრობ, არ მომწონს, მოდი გამოგაგდებ ამ სახლიდან, კი არ დაგეხმარები, რომ ეს სახლი მოგიწესრიგო.
არაფრის იმედი არ მაქვს. მე ველოდები პასუხს. ეს გამოსვლა იმისთვის არ არის, რომ ბოლი გამოვუშვათ, პასუხს ველოდები – რით გაუმჯობესდება ტექნიკური უნივერსიტეტის სიტუაცია ჯავახიშვილთან შეერთებით. დიდი პატივისცემა ჯავახიშვილს, მაგრამ ჰუმანიტარი ჯავახიშვილმა გაზარდოს და ინჟინერი ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. გაუქმება გამოსავალია? – მიპასუხოს ვინმემ. […]
16-ში ჩვენთან იყო განათლების მინისტრი, რომელმაც მოგვატყუა, მოგვატყუა და 13 დღეში შეერთების გადაწყვეტილება… ჩვენ მოვითხოვეთ, რომ განათლების მინისტრმა ტყუილზე აგოს პასუხი. არ უთქვამს, პირიქით, ტექნიკური უნივერსიტეტი ფლაგმანია რეგიონშიო და 13 დღეში შეაერთეს ისე, რომ არაც არავის კითხეს,” – განაცხადა მანანა მაღრაძემ.
