ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.
ამჯერად ტელეწამყვანმა „ფეისბუკზე“ მორიგი შთამაგონებელი პოსტი გაავრცელა:
„ვისთვის და რისთვის ვიწვალე, რა ფუჭად მიცხოვრია“ – ამას ამბობენ თურმე, გარდაცვალების წინ ადამიანების 90%. გონიერი ადამიანი ხვდება როგორ უნდა იცხოვროს სწორად.
სწორად ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ დღე და ღამე იტანჯო და იწვალო, როგორ ააწყო უზრუნველი ცხოვრება, შენთვის და შენი ოჯახისათვის.
არ არსებობს უზრუნველი ცხოვრება, ეს არის პროცესი, რომლის სადავეებიც ხელთ უნდა გეპყრას და უნდა იცოდე ვისთვის რას აკეთებ. არავის დათვური სამსახური არ უნდა გაუწიო.
თუ მიხვდები ყოფის ზომიერებას, თუ მიხვდები, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობის მსხვერპლი არ გახდე,
თუ მიხვდები, რომ გარკვეული დროით ხარ საჭირო და მერე შენ ასპარეზი სხვას უნდა დაუთმო, პასუხისთვის მიგიგნია, რატომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე.
მე მივხვდი – მადლიერი ადამიანები შეიძლება ბევრი გყავდეს, მაგრამ დამნახავი არავინ. თურმე შეიძლება მადლიერი იყოს ადამიანი, მაგრამ შენი სიკეთე ვერ დაინახოს. ეს როგორ? არის მადლიერი, გიხდის მადლობას, უყვარხარ. საკმარისია მოადუნო ყურადღება და ვეღარ დაეხმარო, ან რამე კიდე არ გაუკეთო, მომენტალურად ავიწყდება რა გაგიკეთებია მისთვის. ადამიანი, რომელიც დაინახავს შენს სიკეთეს, ის ბოლომდე ხედავს და ახსოვს.
მე ამოვიღე ჩემი ლექსიკონიდან უმადური, დაუნახავი ადამიანი, აღარ დავეძებ დაინახავს თუ არა სიკეთეს, უმადური იქნება თუ არა.
არ ენდო ადამიანის რჩევას, თუ მას თავად, თავის ცხოვრება არ აქვს აწყობილი. ხშირად ცხოვრებას გზააბნეული გასწავლის. ხშირად თაღლითი დახმარების ხელს გამოგიწვდის, რომ დაგღუპოს. ხშირად პატივს გცემენ, რომ მერე დახმარება გთხოვონ.
… და ამ ორომტრიალში თაღლითების, აფერისტების, მოღალატეების, ნაძირლების, მტაცებლების, ნამუს- გაწყვეტილების და გარეწრების გვერდით დგახარ ეკლესიაში და სანთელს ანთებ, შენ არანაკლებ ცოდვილო.
ასე გადის ცხოვრება.
გააზრებულად იწვალე და იტანჯე? დაგიფასდა? მიიღე პატივი? მიიღე რაც გეკუთვნოდა?რა ტყუილა იცხოვრე და იტანჯე შიშში, რა ტყუილა განიცდიდი ყველაფერს, რა ტყუილა გიდარდია ყოფა შენი ცხოვრებისა. ახლა დახუჭავ თვალებს, დაიძინებ და დაისვენებ“,- წერს გია ჯაჯანიძე.
