ვისგან ელოდებოდა თავდასხმას ახლობლის პანაშვიდზე მისული ლევან ჯანგველაძე? – საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ ე.წ კანონიერი ქურდის ძმა, რომელიც თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, შეირაღებული გადაადგილდებოდა. თუ გამოძიების ამ ვერსიას გავყვებით, ლევან ჯანგველაძემ იცოდა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მოკლულს მის სახელზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი კრიმინალისტებმა მკვლელობის შემდეგ საქამრეზე, სპეციალურად შეკერილ კაბურაში უპოვეს. ინფორმაცია დღეს სასამართლო პროცესზე საქმის იმ გამომძიებელმა გააჟღერა, რომელმაც მოკლული ერთ-ერთმა პირველმა ნახა.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა შეკვეთით და ანგარებით- სახელმწიფო ბრალდებამ ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე – ბრალდებულებს პროკურატურა გახმაურებული მკვლელობის ორგანიზატარებად ასახელებს, დამკვეთად – ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, შემსრულებლად კი უვადო პატიმრობაში გაშვებულ გელა უძილაურს.
ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის კავშირს შეკვეთილ მკვლელობასთან პროკურატურა საბანკო გადარიცხვებით ადასტურებს. საქმის გამომძიებელმა, რომელმაც დავით მიქაძის ტრანზაქციები შეისწავლა, დღეს სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებულს სხვადახვა პერიოდში გელა უძიალაურთან ფული ჰქონდა გადარიცხული, თუმცა რა დანიშნულებით უცნობია.
