მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების საკითხი კანონის ნაცვლად, კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, იმ ინიციატივის შეცვლაზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმად, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება ეზღუდება.
როგორც საკომიტეტო განხილვის დროს ითქვა, 3-წლიანი შეზღუდვა კანონიდან ამოღებული იქნება და საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე იქნება დელეგირებული.
„მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მსჯელობა გაიმართა. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ დელეგირება სამინისტროზე გაკეთდება და კონკრეტული ქმედებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეტალებში გაიწერება. ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ამავე დროს მონიტორინგის ნაწილიც უფრო ადვილი იქნება. დავაკვირდებით პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისს ცვლილებებს უფრო ინტენსიურად განვახორციელებთ. თემა ძალიან სენსიტიურია. აქ საუბარი სისხლის სამართლის საკითხებზე არ არის. სწორი იქნება, თუ საკითხი სამინისტროზე იქნება დელეგირებული“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც სკოლებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებს მოიცავს, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
კანონის პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.
