“ორი სასულიერო პირი უკვე მოგვიკლეს. ჯერ აწამეს უსასტიკესად და შემდეგ დახვრიტეს. ხარკოვი მაშინ დაიბომბა, როცა მიცვალებულები გამოჰყავდათ”, – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ნექტარიოს მჭედლიძემ netgazeti.ge – ს უთხრა, რომელიც ოთხი წელია უკრაინაში ცხოვრობს და ახლაც, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, ადამიანებს დაბომბილი ქალაქებიდან გამოსვლაში ეხმარება
“რუსებმა საკუთარი მიცვალებულებიც კი დაბომბეს. არ ვიცი, რატომ გააკეთეს ეს, ალბათ კვალის დაფარვას ცდილობენ. სამი დღე ჩვენს ქალაქში 20 წლამდე ბავშვებს მოასვენებდნენ. ამ გოგო-ბიჭების ყურება, ამდენი ახალგაზრდის წესის აგებას და თუნდაც მათ ქრისტეს წიაღში გადასვლას, არ შემიძლია მშვიდად შევხვდე. მათ თავიანთ მიწა-წყალზე მშვიდად უნდა ეცხოვრათ.
თუმცა მოსახლეობას მაინც აქვს შემართება. ქალი, ბავშვი, კაცი – ყველა ჩართულია ბრძოლაში, ყველა მონაწილეობს თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის. დღეს უკრაინა მხოლოდ თავისთვის არ იბრძვის, როგორც ვიცით, ევროპისთვის და პირველ რიგში, საქართველოსთვის იბრძვის, რადგან ჩვენი თავისუფლებაც ამ ერის თავისუფლებაზე გადის. ღმერთმა ქნას, რომ არ დაეცეს”, – ამბობს მღვდელ-მონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე.