“„ნაცმოძრაობისგან“ ბოდიშს ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის” – განაცხადა ამჟამად პატიმრობაში მყოფმა, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილი წერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
„მინდა, იმ ხალხს ვუპასუხო, ვინც აქა-იქ მაინც იმეორებს რუსულ ნარატივს, რომ „ნაცმოძრაობამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც იყვნენ მოღალატეებიც, კორუმპირებულებიც და უბრალოდ უმაქნისებიც, მაგრამ ეს ვერ აყენებს ჩრდილს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ხოლო ბოდიშის მოხდას ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალ ათას აქტივისტს იმისთვის, რომ არ დააფასეს მათი ფანტასტიკური შრომა, გაღებული ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის, ხელს უწყობდნენ ან არ იმჩნევდნენ ამდენი ათასი ადამიანის უსამართლო დევნას 2012 წლის შემდეგ, შევიწროებას, სამსახურიდან და ქვეყნიდან გაგდებას, შეურაცხყოფას. მათ ბოდიში უნდა მოიხადონ არა მხოლოდ ჩემი უსამართლო პატიმრობისთვის, არამედ მაგალითად, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხუთწლიანი პატიმრობისთვის, რომელიც ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ისე ყოველი შემთხვევისთვის დააპატიმრეს, ჩაუდეს რა იარაღი და რატომღაც არავის გაახსენდა მისი პოლიტპატიმრად მოხსენიება. ასევე ასეთი რამდენია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
