გივი მიქანაძე განმარტავს, რა პრინციპით მოხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება.
„ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა და პრემიერის მიერ საჯაროდ წარდგენილი დოკუმენტი მიზნობრივ ჯგუფებთან მრავალგზის განხილვას დაექვემდებარა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი დამტკიცება. ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით ხარისხის განვითარება და გაუმჯობესება, რაც კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის გახდის, ასევე გაუიოლებს სამსახურის მოძიებას და დასაქმებას მაღალანაზღაურებად მიმართულებებზე.
სწორედ ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. ეს განსაკუთრებით ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება – ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ პრინციპის დაცვა და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტების ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება იმისთვის, რომ მოხდეს პროგრამების დადარება, საკადრო უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება. ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი, ფლაგმანი უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. ამ მიზნით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც ამ უნივერსიტეტებს შორის მსგავსი პროგრამები გვაქვს, მოხდეს დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ღირებულიყო – ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურებები, რომელიც თითოეული უნივერსიტეტის მიმართ მიუძღვის.
ამასთანავე, ჩვენ შემოგვაქვს ახალი – წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც არის დამატებითი პოზიცია და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. წამყვანი პროფესორის პოზიცია შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს“ – განმარტა მიქანაძემ.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მისი თქმით, მას შემდეგ რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი და რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება, შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო – საბჭო, რომელშიც პარიტეტის დაცვით თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
[ინფორმაციას IPN ავრცელებს]
