“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მესამე სექტორში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, პოლიტიოლოგი გია ხუხაშვილი ეხმიანება.
მისი თქმით, თავად იყო უშუალოდ ჩართული იმ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში, სადაც ირაკლი კობახიძე მუშაობდა.
ხუხაშვილი იხსენებს, რომ 2011 წელს მან და ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნეს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მისი შეფასებით კლასიკური არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. მისივე თქმით, ორგანიზაციაში სამართლებრივი რეფორმის მიმართულებას ვახტანგ ხმალაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო შექმნილ სამუშაო ჯგუფში ირაკლი კობახიძეც იყო ჩართული.
პოლიტოლოგის შეფასებით, კობახიძე იმ პერიოდში საჯარო კონტაქტს თავს არიდებდა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას იღებდა.
“ეს იყო კლასიკური ენჯეო, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც დავაფუძნეთ მე და ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს და ვახტანგ ხმალაძეს ჩვენს ინსტიტუში მიჰყავდა, აი, ამ ენჯეოში მიჰყავდა სამართლებრივი რეფორმის მიმართულება და მან გარკვეული ახალგაზრდების ჯგუფი შექმნა და ამ ჯგუფში იყო წარმოადგენილი, ანუ ენჯეოში მუშაობდა, თანამშრომლობდა ირაკლი კობახიძე, ხელფასს იღებდა ჩვენგან, მე ვაწერდი უწყისებს ხელს იქ. ის მონაწილეობდა იქ კიდევ ორ სხვა პირთან ერთად, მათ შორის, მეორე იყო მისი დღევანდელი მრჩეველი ლევან იზორია. იმალებოდა მარტივი მიზეზის გამო, რომ არ უნდოდა ჩემთან კონტაქტი გამოჩენილიყო და მიშა სააკაშვილი მასზე გაბრაზებულიყო და ასე რომ ვთქვათ, შემოიპარებოდა, გამოიპარებოდა ხოლმე”, – ამბობს ხუხაშვილი.
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. “ოცნება” ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.
ამასთან, ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძე, წარსულში დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. 2000–2001 წლებში ის მუშაობდა USAID-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონულ კოორდინატორად. მოგვიანებით, 2011–2012 წლებში, კობახიძე თანამშრომლობდა ღია საზოგადოება – საქართველოსთან, სადაც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი იყო და მონაწილეობდა თვითმმართველობის მიმართულებით პროექტების შეფასებაში.
