28 იანვარს ბათუმის პორტში მარცვლეულით დატვირთული გემი შემოვიდა. თავად ეს ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ამ გემის წარსული და მისი ბუნდოვანი მარშრუტი საქართველოში შემოსვლამდე.
საუბარია საერთო დანიშნულების სატვირთო გემზე ZHIBEK ZHOLY (IMO 9598880). ოფიციალური მონაცემებით, გემი 22 იანვარს გამოვიდა რუსეთის პორტ იეისკიდან (RUS YEYSK) და 28 იანვარს შევიდა ბათუმის პორტში. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი რეისია — რუსეთიდან საქართველოში, შავი ზღვის გავლით.
თუმცა, ამ ექვსდღიანი მონაკვეთის განმავლობაში გემს, ფაქტობრივად, გათიშული ჰქონდა ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) სიგნალი და მისი ადგილმდებარეობა უცნობი იყო. 23 იანვარს, სიგნალი გადაიცემოდა მხოლოდ მაშინ, როცა გემი რუსეთის პორტში იმყოფებოდა და შემდეგ 26 იანვარს, უკვე მაშინ, როცა იგი საქართველოს სანაპიროს მიუახლოვდა. შუალედურ მონაკვეთში, შავ ზღვაში გადაადგილებისას, გემი, ფაქტობრივად, გაქრა მონიტორინგის სისტემებიდან.
უცნობია, რა მარშრუტი გაიარა გემმა, რომელ პორტებში შეიარა ჩვენთან შემოსვლამდე ან ხომ არ დაიტვირთა საეჭვო პროდუქტით იმ პერიოდში, როცა მისი გადაადგილება საჯარო მონიტორინგისთვის უხილავი იყო.
ეს გარემოება განსაკუთრებულად პრობლემურია იმის ფონზე, რომ სულ რამდენიმე დღის წინ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, გვარწმუნებდა, თითქოს საქართველო მკაცრად აკონტროლებს ყველა შემომავალ გემს და მსგავსი შემთხვევები არ ფიქსირდება. სააგენტოს ოფიციალურ პასუხში წერია: „გემის ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) გათიშვის შემდგომ, 2022 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის შემოსვლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.“
ZHIBEK ZHOLY კი ეწინააღმდეგება იმას, რასაც სააგენტო გვიმტკიცებს. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში შემოსვლამდე გემს მთელი გზის განმავლობაში გათიშული ჰქონდა ტრანსპონდერი.
საეჭვოა არა მხოლოდ AIS მონაცემების გაქრობა, არამედ ვხედავთ, რომ გემის ჩაძირვის (draft) მაჩვენებელიც არასრული და ფაქტობრივად ყალბია. როგორც მონაცემები აჩვენებს, გემი დაუტვირთავ მდგომარეობაშიც და მარცვლეულით დატვირთვის შემდეგაც ერთსა და იმავე — 4.2 მეტრიან — ჩაძირვის დონეს მიუთითებს. ეს ტექნიკური თვალსაზრისით გამორიცხულია და მიუთითებს, რომ ეკიპაჟს გემის შესახებ მონაცემები და პარამეტრები განზრახ არ განუახლებია.
საზღვაო პრაქტიკაში მსგავსი მეთოდი ხშირად გამოიყენება მაშინ, როდესაც ტვირთის რეალური რაოდენობის ან ტიპის დამალვა სურთ.
დამატებით საყურადღებოა ისიც, რომ პორტი, საიდანაც გემი ოფიციალურად გამოვიდა — იეისკი — გეოგრაფიულად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ანუ, მას მარტივად შეეძლო იმ დროს, როცა სიგნალი გათიშული ჰქონდა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პორტში შეევლო და ტვირთი ან მიეღო, ან გაეცა.
ასეთი რამ ამ გემს ადრეც გაუკეთებია და უკრაინის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ZHIBEK ZHOLY უკრაინული მარცვლეულის ქურდობაშია შემჩნეული. ამ გემის მიერ უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვაზე საერთაშორისო მედიაც წერდა. BBC-ის 2022 წლის 3 ივლისის სტატიაში ნათქვამია, რომ ZHIBEK ZHOLY ბერდიანსკის პორტში 2022 წლის ივნისის ბოლოს შევიდა და 7 000 ტონა მარცვლეულით დაიტვირთა. ბერდიანსკის პორტი რუსების მიერ 2022 წლის მარტიდან ოკუპირებულია.
2022 წლის ივლისში გემი თურქეთში, პორტ კარასუსთან, უკრაინის მოთხოვნით, დროებით დააკავეს. თუმცა, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა 6 ივლისს გემი გაათავისუფლეს. თურქეთის ეს გადაწყვეტილება უკრაინაში მწვავედ მიიღეს, ფაქტს მიუღებელი უწოდეს და კიევში თურქეთის ელჩი დამატებითი განმარტებების მოსასმენად დაიბარეს.
მიუხედავად ამისა, გემს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში დაბრუნების უფლება მისცეს. რუსეთის მხარემ ბრალდებები უარყო, განაცხადა, რომ ტვირთი კანონიერი იყო და ოკუპაციის შემდეგ ბერდიანსკის პორტიდან ექსპორტზე პირველად გაიტანეს.
ვის ეკუთვნის ZHIBEK ZHOLY?
ZHIBEK ZHOLY 2016 წელს რუსეთში, ნევის გემთმშენებლობისა და გემების სარემონტო ქარხანაში აშენდა გემი ფორმალურად ყაზახეთის დროშის ქვეშ დაცურავს, ხოლო მისი მფლობელია ყაზახეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორის შვილობილი კომპანია — Ktz Express Shipping. რუსული მხარე 2022 წელს, გემის მიერ მარცვლეულის გადაზიდვის სკანდალთან დაკავშირებით, სწორედ იმ არგუმენტს იყენებდა, რომ გემი მათი საკუთრება არ იყო და პოლიტიკურ კონფლიქტთან კავშირი არ უნდა ჰქონოდა.
თუმცა, ამ გადაზიდვის დროს გემი იჯარით სწორედ რუსული სატრანსპორტო კომპანიის, შპს “გრინ ლაინის” დაქვემდებარებაში იყო 2021 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. როიტერსი წერდა, რომ საიჯარო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, “გრინ ლაინი” სრულად განკარგავდა გემს და ყაზახური კომპანია მის მართვასა და საქმიანობაში არ მონაწილეობდა.
2023 წლიდან ZHIBEK ZHOLY ისევ ყაზახურ კომპანიას დაუბრუნდა. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერშიც გემს ყაზახური კომპანია განკარგავდა.
ამგვარი წარსულის მქონე გემი რომ მარცვლეულით დატვირთული შემოდის ბათუმის პორტში, რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით კითხვებს გვიჩენს.
ბათუმის პორტს და შემოსავლების სამსახურს ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა რომელი ქვეყნის მარცვლეული შემოიტანა გემმა საქართველოში. დაგვპირდნენ, რომ საკითხს გაარკვევდნენ. პასუხებს ველით და მიღების შემთხვევაში, სტატიაში მათი პოზიცია შესაბამისად აისახება.
