ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი აქვს.
„ეუთო-ს ამ მექანიზმის ამუშავება არის რეალურ და გადამწყვეტ ფაზაში. ეს არის მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის ცალკეული შემთხვევები და მას სისტემური ხასიათი აქვს. ეს არის მათ შორის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალთახედვით, საქართველოში აღარ არსებობს შიდა სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დამოუკიდებელი და სანდო გამოძიება. ეუთო-ს ეს მექანიზმი არის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ქვეყნებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ფართომასშტაბიანი და მძიმე დარღვევების შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს პასუხისმგებლობის აღების ან გამოძიების ჩატარების ნება ან სურვილი. ეს მექანიზმი გულისხმობს დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერტების ჩართვას ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ეუთო-ს ექსპერტები გამოძიებას დაიწყებენ, „ქართულ ოცნებას“ არავინ არაფერს შეეკითხება, ისინი გამოძიებას მაინც ჩაატარებენ მიუხედავად იმისა, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით რეჟიმის წარმომადგენლებს. ეუთოს ექსპერტები ფაქტებს და მოვლენებს შეაფასებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში იქნება დამოუკიდებელი, ობიექტური, საჯარო და ხელისუფლების კონტროლის მიღმა. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, ამ ანგარიშში აისახება მშვიდობანი პროტესტის წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, ასევე ასახული იქნება ინფორმაცია თვითნებური დაკავების, არასათანადო მოპყრობის, ინსტიტუტების პოლიტიზაციის, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდის შესახებ. ქიმიური იარაღის გამოყენების და დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ნიშნების შესახებ.
ეუთო-ს ამ მექანიზმის ანგარიში არ რჩება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტად. ამ დოკუმენტს საბოლოოდ იყენებს ეუთო, ევროსაბჭო და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები, მათ სწორ ეს ხდება საფუძველი შეზღუდვების, სანქციების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების. როგორც წესი, ეს დოკუმენტი ხდება ხოლმე პოლიტიკის ცვლილების საფუძველი იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც შედგება. ამ შემთხვევაში, ეს იქნება საქართველო. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.
ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.
