სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე განმარტავს, რას ნიშნავს ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება.
“მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად საერთაშორისო აქტორების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია უკვე ძალიან მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში (რუსეთის, ბელორუსი) ხდება.
უფრო ზუსტად, მოსკოვის მექანიზმი არის ეუთოს (OSCE) ადამიანის განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და შეშფოთებას იწვევს. ის წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ სიგნალს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად ირღვევა, შიდა და ტრადიციული მონიტორინგისა და ანგარიშალდებულების მექანიზმები არ ყოფნის კრიზისს და საჭიროებს გადაუდებელ საერთაშორისო ჩარევას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმის გამოყენებას არ სჭირდება ხელისუფლების თანხმობა, რაც თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო ნდობის სერიოზულ დეფიციტზე.
ცხადია, ეს მექანიზმი საბოლოოდ გააძლიერებს მონიტორინგს და ზედამხედველობს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და რაც ყველაზე მნიშნელოვანია ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ მიღებული დასკვნები გავლენას მოახდენს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ოფიციალურ ხედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სფეროში”, – წერს ის Facebook-ზე.
საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
