სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.
სააგენტოს განმარტებით, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთვევაში, ზარალი ნაწილობრივ ანაზღაურდება, რაც ცხოველის მფლობელს გაუჩენს მოტივაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რაც ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციასა და ადამიანების დაცვას.
“კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ცოფით დაავადება დადასტურებულია ლაბორატორიულად;
ცხოველის სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;
ცხოველის მფლობელი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.
კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით.
კომპენსაციის ოდენობას, მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ადგენს სპეციალურად შექმნილი კომისია.
საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს მთავრობის №332 დადგენილება, რომელიც ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასული წლის აგვისტოში გასცა. ამჯერად, ცხოველის მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, კომპენსაციით ისარგებლონ ცხოველის ცოფით სიკვდილის შემთხვევაშიც.” – წერია სააგენტოს განცხადებაში.
