Associated Press News-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ბანგლადეშის ასობით მოქალაქე რუსეთში დასაქმების ცრუ პირობით ომში გაუშვეს.
გამოცემა წერს, რომ ადგილობრივმა დასაქმების აგენტმა მაქსუდურ რაჰმანს რუსეთში დამლაგებლის პოზიციაზე სამსახური შესთავაზა, თუმცა რუსეთში ჩასვლიდან რამდენიმე კვირაში ის უკრაინაში ომის წინა ხაზზე აღმოჩნდა.
AP სამ ბანგლადეშელ კაცს ესაუბრა, რომლებმაც რუსული არმიიდან გაქცევა მოახერხეს. მათ შორისაა მაქსუდურ რაჰმანი. მისი თქმით, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ მას და ბანგლადეშელი მუშების ჯგუფს უთხრეს, ხელი მოეწერათ რუსულ დოკუმენტებზე, რომლებიც მოგვიანებით სამხედრო კონტრაქტები აღმოჩნდა. ისინი გადაიყვანეს სამხედრო ბანაკში, სადაც გაიარეს წვრთნა დრონების გამოყენებაში, სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებში და საბაზისო საბრძოლო უნარებში მძიმე იარაღის გამოყენებით.
რაჰმანი გამოცემას უყვება, რომ სიმართლის გაგების შემდეგ მან პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს არ იყო ის სამუშაო, რაზეც დათანხმდა, თუმცა რუსმა მეთაურმა თარგმნის აპლიკაციის საშუალებით მკაცრი პასუხი გასცა – “შენმა აგენტი აქ გამოგგზავნა. ჩვენ გიყიდეთ”.
სამივე ბანგლადეშელმა მამაკაცმა AP-ს შემზარავი ისტორიები გაუზიარა იმის შესახებ, თუ როგორ აიძულებდნენ მათი ნების წინააღმდეგ წინა ხაზზე სამუშაოების შესრულებას, მათ შორის ფრონტის ხაზზე რუსულ ძალებზე წინ გადაადგილებას, მარაგების გადაზიდვას, დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციას და დაღუპულთა გამოყვანას. კიდევ სამი დაკარგული ბანგლადეშელი მამაკაცის ოჯახებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მათი გაუჩინარებული ახლობლები ნათესავებთან მსგავს ამბებს ჰყვებოდნენ.
არც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და არც ბანგლადეშის მთავრობამ AP-ის მიერ გაგზავნილ კითხვებს არ უპასუხეს.
რაჰმანის თქმით, მის ჯგუფში მყოფ მუშებს 10-წლიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ და სცემდნენ.
“გვეუბნებოდნენ: ‘რატომ არ მუშაობ? რატომ ტირი?’ და გვირტყამდნენ” – თქვა რაჰმანმა, რომელმაც შვიდი თვის შემდეგ გაქცევა მოახერხა და სამშობლოში დაბრუნდა.
სამი ბანგლადეშელიდან ერთ-ერთი გამოცემას უყვება, რომ რუსი ჯარისკაცები მას მცირე შეცდომების დაშვების დროსაც ურტყამდნენ და აწამებდნენ. მისი თქმით, მან რუსეთიდან გაქცევა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ბრძოლის ხაზზე მძიმე დაზიანება მიიღო და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც ის ბანგლადეშის საელჩოში მივიდა და დახმარება ითხოვა. რუსეთიდან გაქცევის იმავე გზას მიმართა მისმა ნათესავმაც.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მუშების მონათხრობი დადასტურდა დოკუმენტებით, მათ შორის სამგზავრო საბუთებით, რუსული სამხედრო კონტრაქტებით, სამედიცინო და პოლიციის ანგარიშებითა და ფოტოებით. ეს დოკუმენტები ასახავს ბანგლადეშელი მუშებისთვის გაცემულ ვიზებს, ბრძოლებში მიღებულ დაზიანებებს და მათ მიერ ომში მონაწილეობის მტკიცებულებებს.
რამდენი ბანგლადეშელი იქნა მოტყუებით ჩათრეული ბრძოლაში, უცნობია, თუმცა ბანგლადეშელმა კაცებმა AP-ს უთხრეს, რომ უკრაინაში რუსულ ძალებთან ერთად ასობით ბანგლადეშელი ნახეს. ასევე, ბანგლადეშელმა გამომძიებელმა გამოცემას განუცხადა, რომ ბანგლადეშის, სულ მცირე, 40 მოქალაქე ფრონტის ხაზზე დაიღუპა.
AP წერს, რომ ბანგლადეშის პოლიციის გამომძიებლებმა რუსეთში მოქმედი ტრეფიკინგის ქსელი მას შემდეგ გამოავლინეს, რაც 2025 წლის იანვარში ბანგლადეშელი მამაკაცი სამშობლოში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ის ომში მოტყუებით ჩართეს.
პოლიციის შეფასებით, მსგავსი ქსელები, რომლებსაც ბანგლადეშელი შუამავლები მართავენ და რომლებსაც რუსეთის ხელისუფლებასთან აქვთ კავშირი, ბანგლადეშელების რუსეთის სასარგებლოდ ომში მოტყუებით ჩართვის ორგანიზებაზე არიან პასუხისმგებლები.
