გალის რაიონში, ენგურის მიმდებარედ მიმდინარე სატრანზიტო/საბაჟო ტერმინალის მშენებლობა და ამ პროცესზე საქართველოს ხელისუფლების სრული დუმილი და უმოქმედობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის არაღიარების პოლიტიკას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებსა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებს. ამის შესახებ საკუთარ დასკვნაში “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” წერს.
ორგანიზაციის შეფასებით, პროექტი ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე საქართველოს კანონმდებლობას და ქმნის რისკს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სატრანზიტო სივრცედ რუსეთის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალის რაიონში, ენგურის მიმდებარედ, დასრულების ეტაპზეა ახალი სატრანზიტო/საბაჟო ტერმინალის მშენებლობა. პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო, თუმცა არც მაშინ და არც ახლა საქართველოს ხელისუფლებას ამ პროექტთან დაკავშირებით არც განცხადება გაუკეთებია და არც სხვა ზომები მიუღია. ქართული მხარის მხრიდან გამოვლენილი ეს დუმილი და სრული უმოქმედობა ერთი შეხედვით არაღიარების სამართლებრივი ჩარჩოს დარღვევას უტოლდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ დუმილითვე შეხვდა სოხუმში აეროპორტის ამოქმედებას, ოჩამჩირეში პორტის გახსნას, რუსეთის მუდმივი ფლოტის განთავსებასა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაძლიერების სხვა შემთხვევებს, რაც საგარეო პოლიტიკის ცვლილების ფონზე არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.
ჩვენი შეფასებით, გალში მიმდინარე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ ჯდება არც სამშვიდობო პოლიტიკის და არც არაღიარების პოლიტიკის ჩარჩოში. არსებული სქემა ითვალისწინებს მესამე ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით წარმოადგენს სუვერენული უფლებების თვითნებურ მითვისებას და ქმნის არაღიარების პოლიტიკის შერყევის რეალურ რისკს.
ანალიზი აჩვენებს, რომ ტერმინალი პრაქტიკულად ყალიბდება საერთაშორისო დანიშნულების საბაჟო/სასაზღვრო პუნქტად, რაც ეწინააღმდეგება როგორც ოკუპაციის სამართლებრივ ჩარჩოს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გამოუყენებია არც სამართლებრივი და არც დიპლომატიური მექანიზმები აღნიშნულ პროცესზე რეაგირებისთვის.
პროექტი ვერ აკმაყოფილებს სამშვიდობო პოლიტიკის მინიმალურ სტანდარტებს – არ არსებობს ინკლუზიური დიალოგი, ადგილობრივი მოსახლეობის რეალური მონაწილეობა, გამჭვირვალობა და საერთაშორისო ნეიტრალური შუამავლების ჩართულობა. პროცესის დახურულობა და თბილისსა და სოხუმს შორის კომუნიკაციის არარსებობა აძლიერებს ეჭვებს, რომ პროექტი ემსახურება რუსეთის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს, მათ შორის სანქციების გვერდის ავლას.
ჩვენი შეფასებით, აღნიშნული სატრანზიტო ინიციატივა ასახავს რეგიონში არსებულ მკვეთრ ძალაუფლების ასიმეტრიას და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ნაცვლად ხელს უწყობს ოკუპაციის კონსოლიდაციას. ამ პროცესში რუსეთი გამოდის როგორც მთავარი ბენეფიციარი, აფხაზეთი – როგორც კონტროლირებადი სატრანზიტო სივრცე, ხოლო საქართველო – როგორც ინსტრუმენტული ეკონომიკური რგოლი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესში სერიოზულ საფრთხეს უქმნის არაღიარების პოლიტიკას, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებსა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებს.
