როგორ ვითარდება კატარაქტა?
ნორმალურ თვალში ბროლი გამჭვირვალეა. კატარაქტისას ბროლი იმღვრევა, იღებს მონაცრისფრო, რძისფერ შეფერილობას, რაც გამოწვეულია ბროლის შემადგენელი ცილების დაშლით. ბროლის შემღვრევის შედეგად, გამოსახულება ვეღარ ფოკუსირდება ბადურაზე და ამიტომ, მხედველობა საგრძნობლად ქვეითდება.
კატარაქტა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მოხუცებულებში, თუმცა, ბოლო წლებში მოხუცებულობით გამოწვეული კატარაქტის ასაკი საკმაოდ შემცირებულია და ვხვდებით 35-40 წლის ასაკიდანაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია კატარაქტის გამომწვევი მიზეზებისა და მისი პრევენციის შესაძლო გზების ცოდნა დაავადების მკვეთრად განვითარების თავიდან ასარიდებლად.
კატარაქტის გამომწვევი მიზეზები
არსებობს კატარაქტის გამომწვევი მრავალი მიზეზი, თუმცა მათგან რამდენიმე ყველაზე მეტადაა გავრცლებული. ეს მიზეზებია:
ასაკი -კატარაქტის განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დროთა განმავლობაში, თვალის ბროლში არსებული ცილები დეგრადირდება და ერთმანეთს ეწებება, შესაბამისად ბროლი იმღვრევა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა შესაძლებელია მისი შენელება და კატარაქტის განვითარების რიკსის შემცირება.
გენეტიკური ფაქტორები – გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული კატარაქტა, ასევე ცნობილი როგორც მემკვიდრეობითი კატარაქტა, ვითარდება უფრო ადრეულ ასაკში.
მზის ქვეშ ხანგრძლივი დროის გატარება – მზის ულტრაიისფერ (UV) სხივებს შეუძლიათ ბროლის დაზიანება და კატარაქტის განვითარების დაჩქარება. განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა ამ ფაქტორთან ერთად, ადამიანი არასწორად იკვებება.
დიაბეტითა და სხვა დაავადებებით გამოწვეული კატარაქტა – დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სისხლში შაქრის მაღალი დონის გამო აქვთ კატარაქტის განვითარების უფრო მაღალი რისკი. სხვა ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად ლუპუსი ან რევმატოიდული ართრიტი, აფერხებს თვალის ნორმალურ მეტაბოლიზმს და აჩქარებს კატარაქტის განვითარებას.
